დავით უსუფაშვილი: ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული, აქ ყოფნა უკიდურესად სასარგებლო იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი დატვირთული, საქმიანი და დროული იყო.

„ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული – ანუ დატვირთული, საქმიანი, კონკრეტული და ეს ასე რომ იქნებოდა, თავიდანვე მაფრთხილებდა ჩემი კოლეგა, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე. მან თავად იზრუნა, რომ ეს ყოფილიყო დატვირთული პროგრამა. მქონდა საჯარო გამოსვლებიც, მქონდა შეხვედრები ყველა პოლიტიკურ წრესთან და ამასობაში, ეს ჩამოსვლა იყო დროული. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარსა და მათ პირისპირ შეხვედრას შორის ჩვენი აქ ყოფნა იყო უკიდურესად სასარგებლო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ბოლო დღეს, საქსონია-ანჰალტისხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარიქართველიკრიმინალებისთემასაც შეეხო.

„ვკითხე, სმენიათ თუ არა ქართველ კრიმინალებზე. ხალხი გადაირია, ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ გაზეთებიდან გუშინ და გუშინწინო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თავისთავად, ეს თემა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხელოვნურად იქნა წამოწეული. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ეს არ და ვერ იქნება ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. თავისთავად, პრობლემა თუ არის, მას უნდა მივხედოთ ყველამ ერთად, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი თემა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ურთიერთობებს, მათ შორის, ვიზის საკითხში. რაც შეეხება სხვა თემებს, ნელ-ნელა გამოჩნდება, მაგალითად, გერმანიის პოზიცია ვარშავის სამიტზე და სხვა საკითხებზეც. მგონი, წინ წავწიეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ძალიან კონკრეტული შედეგებიც გვაქვს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ და აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გერმანული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა ხელოვნურია.

საპარლამენტო დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 15-მდე შეხვედრა გამართა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი, ეს არ არის სასურველი მოვლენა
შემდეგი სტატიაშს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „Gulf Georgia“ და სტუდენტები შეუერთდნენ