დავით უსუფაშვილი : ვიდრე გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ”კარგი ბიჭი იყო”, ის ფიქრობდა, რომ პრეზიდენტს ხალხის მანდატი უნდა ჰქონოდა

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ”კარგი ბიჭი იყო”, ის ფიქრობდა, რომ პრეზიდენტს ხალხის მანდატი უნდა ჰქონოდა.

ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეეცვალა, თუმცა ”რესპუბლიკელებმა” ეს არ გააკეთეს.
უსუფაშვილის თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” ძალიან მყარი პოზიცია იყო 1993-1995 წლების საკონსტიტუციო კომისიაში, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არაპირდაპირი წესით არჩეული.

”ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ეს სისტემა არ წაადგებოდა. ვნახეთ, რომ არ წაადგა. საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ. ეს არის ჩვენი პოზიცია. მე განახებთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც არც ბიძინას წაუკითხავს და არც სხვას, როგორც ჩანს, გულწრფელად არ იციან. აქ წერია ხმალაძის შეთავაზება. გვანახოს ვინმემ დოკუმენტი, ან სიტყვა ჩვენს მიერ ნათქვამი, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უნდა იყოს არჩეული. თურმე, ჩვენი ბრალია, რომ პირდაპირ არის არჩეული მარგველაშვილი. 2013 წელს ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა ამ თემაზე განცხადება და თქვა, რომ ის უჭერს მხარს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას. ამაზე კოალიციაში ატყდა ერთი ამბავი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ახლა თქვენ პარლამენტში დასხედითო, აიღეთ ხელში ძალაუფლება და გინდათ პრეზიდენტის დასუსტებაო, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სახალხო მანდატი და ა.შ. ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი პრეზიდენტია და მარგველაშვილი ჯერ კიდევ ”კარგი ბიჭია” ბიძინა ივანიშვილის თვალში. მერე უკვე, როცა მარგველაშვილი არ აღმოჩნდა კარგი კაცი თურმე, ახლა ”რესპუბლიკელებს” გვბრალდება ის, რომ მარგველაშვილი არის პირდაპირ არჩეული. რა უნდა გვექნა ”რესპუბლიკლელებს”, ჩვენი 9 ხმა უნდა გაგვემრავლებინა ქსეროქსზე, გვექცია 215-ად და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა?!”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკვე ცდება პოლიტიკური დებატების ფარგლებს.

”მე შეფასება და სახელის დარქმევა მიჭირს, რა ქვია ამას, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, კონსტიტუციაზე და იმ საკითხზებზე, რომელიც ამ პროცესებში იხილებოდა, ვიღაცა მხარს უჭერდა, ვიღაცა არ უჭერდა, მაგრამ ასეთი მოპყრობა კონსტიტუციის, სახელმწიფოს თუ სიმართლის მიმართ, ჩემი აზრით, დაუშვებელი და მიუღებელია. ბატონ ბიძინას მივმართავ – ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, რაც, როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგო, ან კარგად ვერ უთარგმნეს, მე არ ვარ დაინტერესებული ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანის და ლაპარაკის, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვიღებდით პასუხისმგებლობას, ერთად ვიტანჯებოდით, მეც და ბატონი ბიძინაც, ამ საკითხებზე და ამ არჩევნებზე მე მინდა ძალიან ბევრი სხვა თემით ვესაუბრო საზოგადოებას, რა უნდა იყოს მომავალში, როგორ გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და ა.შ. და არა იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთი გავიარეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამას ვგულისხმობ მე, თუ ვინმე შეეცდება ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს იძულებული გავხდები განვმარტო, განახოთ დოკუმენტურად დადასტურებული. ეს სჭირდება საზოგადოებას, თორე ამით უსუფაშვილს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ,,სირცხვილია, ბატონო ბიძინა!“
შემდეგი სტატიაპროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა, 5 კვადროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ