დავით უსუფაშვილი: უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი რამ მოხდება საინტერესო და სასარგებლო

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, იან ჰამაჩეკს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და იან ჰამაჩეკმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო, მეგობრული საუბარი ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან ძალიან მჭიდრო, პარტნიორულ თანამშრომლობაში ერთმანეთთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც და ბატონმა ჰამაჩეკმა ბრძანა თავისი მოსაზრებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის, ჩვენი ხალხის სურვილებთან და პერსონალურად მისი სახით, ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ამ პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამისთვის ბევრი რამ კეთდება. უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი რამ მოხდება საინტერესო და სასარგებლო“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის განცხადებით, მისი ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ჩეხეთი მეგობარი ქვეყნები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ.
„ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ კვირაში ჩამოვედით, როდესაც თქვენ ევროპის დღეებს აღნიშნავთ. ვფიქრობ, გადამწყვეტია, რომ ევროპამ და ევროკავშირმა დაპირებები შეასრულოს. ჩვენ დავპირდით საქართველოს უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროკავშირის ქვეყნებში და ცხადია, ვთხოვეთ საქართველოს, გარკვეული კრიტერიუმები შეესრულებინა. თქვენმა ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ახლა ჩვენი ჯერია, შევასრულოთ დაპირება. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდებით, მოვუწოდებ არა მხოლოდ ჩეხეთის ხელისუფლებას, არამედ ჩემს კოლეგებს სხვა პარლამენტებიდან და განსაკუთრებით, ვროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყდეს. ვერ ვხედავ ვერცერთ მიზეზს, რატომ შეიძლება გადაიდოს საქართველოს საკითხი. თქვენ შეასრულეთ საშინაო დავალება და ახლა ჩვენი დროა შევასრულოთ დანაპირები. მე მხარს ვუჭერ თქვენს მისწრაფებას ნატოსკენ. იცით, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა თქვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ნატოს სამიტიდან საქართველო მნიშვნელოვან პასუხს მიიღებს“,- განაცხადა იან ჰამაჩეკმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ესაა მძიმე კრიმინალური შემთხვევა და უნდა დადგეს თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მმართველმა კოალიციამ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები ვერ აითვისა