დავით უსუფაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლუკას ბეგლირგენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. უსუფაშვილმა შვეიცარიელ კოლეგასთან არსებულ ახლო და საქმიან ურთიერთობებზე ისაუბრა და გასულ წელს შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებიც გაიხსენა.
პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, წლების განმავლობაში ერთგვარი დადებითი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რაც შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ღია და გახსნილ ურთიერთობებს გულისხმობს, რაც ეფექტური თანამშრომლობისა და ორმხრივი კომუნიკაციის ხელშეწყობის ფაქტორს წარმოადგენს.
ლუკას ბეგლირგენმა თანამშრომლობის უკვე არსებული ფორმატების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და იმ ახალ სამომავლო ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო ეფექტურს და საქმიანს გახდის. შეხვედრაზე მხარეები საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხნენ. კერძოდ, საუბარი შვეიცარიაში უკვე აპრობირებულ “პროფესიული გადამზადების” სპეციალურ პროგრამას და მისი საქართველოში დანერგვის პერსპექტივებს შეეხო.
პარლამენტის თავმჯდომარემ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებად საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია) შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და მისი განხორციელების მნიშვნელობა დაასახელეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. “ხასანას სასტუმროს” მეპატრონის გათავისუფლების მოთხოვნით ქობულეთში მორიგი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიათანამედროვე ქართველმა მწერლებმა სამხედროებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს