დავით უსუფაშვილი: საქართველოს ბალტიისპირელებზე უფრო ერთგული მეგობრები მსოფლიოში არ ჰყავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, 25 წლის წინ ადამიანები, რომლებიც ლიტვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძოდნენ.

როგორც უსუფაშვილმა ლიტველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის 25 წლისთავისადმი აღსანიშნავ ღონისძიენაზე განაცხადა, საქართველოსა და ლიტვას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა 90-იანი წლებიდან არსებობდა, რაც დღესაც გრძელდება.

“ადამიანები, რომლებიც ლიტვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და 25 წლის წინ საბჭოთა ჯარისკაცების ტყვიებს შეეწირნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვისაც, ისევე როგორც 9 აპრილის მსხვერპლნი საქართველოში იბრძოდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხალხებისთვის. ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო ემოციებით. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავიხსენეთ ის დღეები, თუ როგორი მჭიდრო თანამშრომლობა იყო ეროვნულ მოძრაობებს, მათ ლიდერებსა და ახალგაზრდებს შორის. ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს თანამშრომლობა ისევ გრძელდება. საქართველოს არ ჰყავს იმაზე უფრო ერთგული მეგობრები და მხარდამჭერები მსოფლიოში, ვიდრე ლიტველი და ბალტიისპირელი ხალხია. ამიტომ დღევანდელი დღე ერთის მხრივ სევდიანი, მეორეს მხრივ დამაიმედებელი დღეა, რადგან ყველანი ერთად ვართ”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1991 წლის იანვარში მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით სცადა, საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ლიტვაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. 13 იანვარს საბჭოთა ჯარისკაცებთან შეტაკებისას, ვილნიუსის ცენტრში, სხვადასხვა მონაცემებით, 14-დან 16-მდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ 150-მდე პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. საბჭოთა მედესანტეებმა და ტანკისტებმა იერიშით აიღეს ვილნიუსის სატელევიზიო ცენტრის შენობა. მეორე დილით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ მომხდარზე არაფერი იცოდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა პოლიციელმა შემთხვევით 12 წლის გოგონა მოკლა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის შემქმნელები დააჯილდოვა