დავით უსუფაშვილი – სამთავრობო ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ „ცივი ომის“ მთავრობის შექმნა

სამთავრობო ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ „ცივი ომის“ მთავრობის შექმნა, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მთავრობა, რომელიც მოწოდებული იქნება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაზე არჩევნებში.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მთავარი დანიშნულება იქნება, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს სამართლიანი შეჯიბრი.

„ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის. მე იმიტომ ვეძახი ამ მთავრობას საარჩევნო ომის მთავრობას, რომ სწორედ გახარიას შერჩევით ივანიშვილმა გადადგა მკაფიო ნაბიჯი. მან ღიად გვითხრა, რომ „ქართული ოცნება“ პოზიტიური მიღწევებით ვეღარ გააკვირვებს მოსახლეობას, ამიტომ ერთადერთი ამოცანაა, პოლიტიკური პროცესების სუპერპოლარიზაცია. ისეთი ტიპის ფიგურის შერჩევა პრემიერ-მინისტრად, რომელიც მისი აზრით, ყველაზე უკეთ მოახერხებს „ოცნების“ მხარდამჭერების კრისტალიზაციას. საპარლამენტო არჩევნებზე უნდა ვნახოთ არჩევნების მეორე ტურის მეორე სერია, ორად გახლეჩილი საქართველოს ერთმანეთთან შერკინების. ასეთ ვითარებაში ხედავს ის პოლიტიკური წარმატების შესაძლებლობას არჩევნებზე, სწორედ ასეთი მთავრობა შექმნა ასეთი პრემიერ-მინისტრით და აქცენტებით ძალოვნებზე, რომ ძალოვნები იქნება ჩვენს ხელში, ამიტომ ე.ი. ყველანი ჭკვიანად იყავით. ოცნებამ იარა, იარა და და „ნაცმოძრაობის“ სტილში ჩაჯდა. ზუსტად ეს იგულისხმება, როდესაც აქცენტი კეთდება საძალაუფლებო ინსტრუმენტებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა ემსახურებოდა რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას.

„ივანიშვილმა გახარიას ახლა მოკიდა ხელი და პრემიერ-მინისტრად დანიშნა. მან ეს არ გააკეთა წელიწადნახევრის წინ, როდესაც ბახტაძე მოჰყავდა. რატომ არ დანიშნა გახარია მაშინ და დანიშნა დღეს? რადგან წელიწადნახევრის წინანდელი გახარია იქნებოდა გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურა, პერსონალური ავტორიტეტის და ძალის მქონე, ვიდრე დღევანდელი გახარია, რომელიც ძალიან სერიოზულად არის დაჭრილი. შესაბამისად, მას ინდივიდუალური მოძრაობის საშუალება არ აქვს. ანუ ივანიშვილისთვის გახარია იყო საჭირო კაცი და თან საფრთხის შემცველი, დღევანდელი გახარია ისევ საჭირო კაცია და აღარ არის სახიფათო ადამიანი. თუმცა, ბოლომდე მაინც არ ენდობა და დაუნიშნა რამდენიმე ერთგული ადამიანი სხვადასხვა პოსტზე. ეს იმიტომაცაა, რომ ყველა წამოგვიკიდოს გახარიას თემაზე. ერთი წელი გვაძახოს „გახარია, გახარია, გახარია“ და ამ პაექრობაში თან წარმოაჩინოს, აქეთ არის გახარია პრემიერი და იქით არის წინა ხელისუფლება, რომელიც რევანშისთვის მოდის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შემდეგი სტატიადააკავეს კაცი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა