დავით უსუფაშვილი – სახელმწიფობანას თამაშში ვართ ჩართული, ამიტომაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ეზიარა იმ სიკეთეებს, რაც დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოაქვს

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ კონსტიტუციით საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ბრძანდებით, საქართველოც არსებობს, მეთაურიც არსებობს, შუა სიტყვა ვერ შევქმენით, „ქართული სახელმწიფო“ ვერ შევქმენით. იმ ტიპის სახელმწიფო ვერ შევქმენით, რომელიც დაფუძნებულია მართლა იმაზე, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ჩართული ვართ სახელმწიფობანას თამაშში, ამიტომაა, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ეზიარა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. „ლელო“ იზიარებს იმ მიდგომას, რომ პრობლემა მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ არ არის, პრობლემა იმაშია, რომ ფუნდამენტური, სისტემური საკითხები ვერ დავძლიეთ“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო ცენტრის დაარსების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ლელო“ აქტიურად ჩაერთვება პლატფორმის მუშაობაში.

„ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესის. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს ამაში მონაწილეობას. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შემოთავაზებას. „ლელოს“ შემუშავებული აქვს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას – თქვენ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზე არ წამოუდექით საქართველოს პრეზიდენტს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას