დავით უსუფაშვილი – საგანგაშო და სახიფათოა, რაც ბორჯომში ხდება

საგანგაშო და სახიფათოა, რაც ბორჯომში ხდება, – ასე ეხმაურება ბორჯომის საკრებულოში არსებულ სიტუაციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, სიტუაცია საგანგაშოა და ადეკვატური შეფასება, პირველ რიგში, მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„ეს არის საგანგაშო და სახიფათო, რაც ხდება ბორჯომში. განსაკუთრებით, თუ ის იქცა პრეცედენტად. ეს მოსახლეობაში თვითმმართველობისადმი უნდობლობას გააჩენს.

ასეთი მოვლენები პოლიციითა და სპეცრაზმით არ გვარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ლიდერებმა, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დავაგმობინოთ თვითმმართველობა, თუ ასე გაგრძელდა, ხალხი იტყვის, აღარ გვინდა არჩეული მერი, დაგვინიშნეთ რაიკომის მდივანი.

აღრეულია ყველაფერი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება უარს ამბობს, შეასრულოს საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ამ ლოგიკით, მალე შეიძლება მთავრობამ აღარ აღასრულოს პარლამენტის გადაწყვეტილებები და რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში, სადაც მერები არ მოსწონთ, იმპიჩმენტს? ეს არის სახელმწიფოს ნგრევა” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბორჯომის საკრებულოში 28 თებერვალს სხდომა ორჯერ გაიმართა, პირველ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა. მეორე სხდომაზე აღნიშნული საკითხი 17 ხმით დაამტკიცეს.

ბორჯომის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია აგარაში
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადვოკატის უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საქმიანობით განივითარებენ