დავით უსუფაშვილი: საჭიროა სერიოზული გარღვევა საქართველოში პარლამენტარიზმში

„ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ანგარიშის მოსმენა მომიწია. როცა წინა პარლამენტში ვიყავი, მაშინ ასეთი რამ არ გვქონდა და ორმაგი ყურადღებით ვადევნებდი თვალს პროცედურული ნაწილით, ინსტიტუციური ნაწილითაც და შინაარსობრივადაც. ასეთი დოკუმენტი უნდა მზადდებოდეს, იმიტომ, რომ ერთიანობაში გავიხსენოთ ყველამ რა გაკეთდა და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ, ყველას, უნდა გვქონდეს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ როგორც ანგარიშის შექმნაში, ისე გეგმის შემუშავებაში. ისიც კარგად უნდა გავიაზროთ ვის ვაბარებთ ანგარიშს. სჯობს პარლამენტმა, როგორც ერთიანმა ინსტიტუტმა, თავისი გაკეთებული, ვერ გაკეთებული თუ ვერ მიღწეულიც ასახოს ამ დოკუმენტში და არ დაემსგავსოს ეს ანგარიშები უმრავლესობის ანგარიშს, რომელიც ლაპარაკობს თავის მიღწევებზე, იმიტომ, რომ მას ხელისუფლება აქვს ხელში“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებაზე და განაცხადა, რომ „საჭიროა სერიოზული გარღვევა საქართველოში პარლამენტარიზმში“. მისი თქმით, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, რომ სათანადოდ ვერ ხერხდება თანამშრომლობა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.

„პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, პირველ რიგში სჭირდება ავტორიტეტი, ამ ავტორიტეტს პარლამენტი ვერასოდეს ვერ მოიპოვებს, თუ პარლამენტში მყოფი ადამიანები ხელგაწვდილები არ მივდივართ ერთმანეთისკენ. თუ მუშტმოღერებულები მივდივათ მუდმივად, ხან სიტყვით და ხან რეალურად მუშტით, მაშინ ავტორიტეტს ვერ დაიმკვიდრებს ეს პარლამენტი. არის რაღაცები რაც არც სკოლაში ისწავლება და არც მით უმეტეს პარლამენტში, მაგრამ არის რაღაცები, რაც პარლამენტიდან ფუჭდება, გადაედინება ჩვენს საზოგადოებაში და მერე ძალიან ძვირი გვიჯდება. იმიტომ, რომ ერთად საქმის კეთება შეუძლებელი ხდება ხოლმე. როგორ ეფუძნება პარლამენტი ოპოზიციის და უმრავლესობის ერთად ყოფნას, ამაში მარტო უმრავლესობის ბრალი არაა, მაგრამ პასუხისმგებლობის 90% ხელისუფლების და უმრავლესობისაა იმიტომ, რომ მათ ხელშია ბერკეტები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაპრემიერის ინიცირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში წალენჯიხის მერია ერთვება