დავით უსუფაშვილი : რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი

ქართული მხარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტემა დაუჭირა მხარი, მკაფიოდ არის ხაზგასმული ყველა ის პრობლემა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეუთო, საპარლამენტო ასამბლეა, მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტემა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია ყველა ის პრობელმა, რომელიც გვაქვს, ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებასა და აღიარებაზე. როგორც ამ დებატების დროს ჩვენმა მხარდამჭერმა პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, დოკუმენტი არის უპრეცედენტოდ მკაფიო, ამიტომ მათ თქვეს, რომ შეიძლებოდა მისი ცოტა დაბალანსებაც კი, მაგრამ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია, რადგან ამ დოკუმენტით, მსოფლიოს 57 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანს, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

„დოკუმენტი მართალია, ჩემს სახელს ატარებს და ინიცირებულია ჩემს მიერ, მაგრამ მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო ასამბელაში საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა, უმრავლესობიდან, უმცირესობიდან. ყველამ ერთად ვიმუშავეთ და ეს არის მაგალითი იმისა, რომ როდსაც ჩვენ, პოლიტიკური ძალები, საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას, მაშინ შედეგი გაცილებით ადვილად მიიღწევა ხოლმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში აშშ-ის საკონსულოსთან ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატიააფეთქების შედეგად ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სტუდენტი დაშავდა