დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ შეცვლილა, „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან

ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე უკეთესი პარტნიორი „რესპუბლიკური პარტიის“, რადგან 2011 წელს, როდესაც მან პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე განაცხადი გააკეთა, თქვა, რომ „რესპუბლიკელებთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ითანამშრომლებდა.

„ჩვენ მაშინ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი ყველაფერზე: მრავალპარტიულ დემოკრატიაზე, საპარლამენტო სისტემაზე, ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, თვითმმართველობაზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე. დიახ, ჩვენ ძალიან სერიოზული პარტიორობა გვქონდა, როდესაც თვითმმართველობის რეფორმა გავატარეთ და არავის არ უნდოდა ეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა თავად კოალიციაში, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, როდესაც ძალიან ბევრ სხვა გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამიტომ, ეს ყველაფერი იყო და ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვთანამშრომლობდით გარკვეული პერიოდი. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ 2012-2016 წლების პარლამენტი და, ზოგადად, ხელისუფლება, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესში მოსული ხელისუფლება და ჩვენ 2016 წლიდან ვხედავდით წინ მომავალს, რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი, გაცილებით სხვა პრინციპებზე აგებული, მათ შორის, სახელისუფლო გუნდი და ასე შემდეგ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წლის მარტში გიორგი კვირიკაშვილმა და „რესპუბლიკელებმა“ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.

„ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ ჩვენ მივყვებოდით იმ პროგრამას და იმ დებულებებს, ხედვებს, რომლებზეც მანამდე ვმუშაობდით. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დიახ, დღევანდელი მდგომარეობა შედეგია არა იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შეიცვალა, „რესპუბლიკურ პარტიას“ აღმოაჩნდა სხვა ღირებულებები, არამედ იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან. როდესაც გაუხვიეს სხვაგან, ჩვენ იქ ვეღარც გავყვებოდით და აღარც გავყევით. ამიტომ, პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან მანამდე და მაშინ, როდესაც ემთხვევა ჩვენი ხედვები. „თავისუფალ დემოკრატებთან“ ყველაზე ახლო ღირებულებითი ურთიერთობა მაქვს მე, მაგრამ ახლა არჩევნებში კონკურენტები ვართ. 2010 წელს ერთად ვიყავით არჩევნებზე, 2008 წლის სექტემბერში მე ჩავედი ნიუ იორკში, მოვძებნე ირაკლი ალასანია, ელჩი იყო მაშინ ჯერ კიდევ და ვუთხარი, ყოფილიყო ლიდერი. ახლა კონკურენტები ვართ, არა იმიტომ, რომ მათ ღირებულებებში შემეპარა ეჭვი, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებას მოაქვს ასეთი ამბები. მთავარია, ჩვენ გვქონდეს კითხვებზე პასუხი – რაშია საქმე“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: არავითარი ფულები ჩვენთვის არ გამოუგზავნია არც მიშას და არც ბიძინას
შემდეგი სტატიასირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველმა ღამემ მოსახლეობისთვის მშვიდად ჩაიარა