დავით უსუფაშვილი – პროკურატურის ასეთი არაფრისმთქმელი განცხადებები მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე

პროკურატურის ასეთი არაფრისმთქმელი განცხადებები მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე,- ასე შეაფასა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე მთავარ პროკურატურაში გაკეთებული განცხადება.

„პროკურატურა გვეუბნება, რომ უკვე ჩაწერილი მასალა, ვიღაცამ პენიტენციალური სისტემის თანამშრომელს შანტაჟის მუქარით გადასცა გასავრცელებლად. მაგრამ ამ ტიპის გამავრცელებელი და მისი დაშანტაჟება ვის რაში სჭირდებოდა, ეს გაუგებარია. რაც მთავარია, ეს გავრცელების ჯაჭვი კი არ გვაინტერესებს, ვინ ვის, რა და როდის გადასცა, არამედ ის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი?

ამიტომ, ყურადღების გადატანა ამ გავრცელების ტექნიკურ მხარეზე, ეს არის, ჩემი აზრით, პროკურატურის მცდელობა ცოტა დრო მოიგოს, რომ პოლიტიკურად დალაგდეს, მესიჯ-ბოქს რომ ეძახიან ის და მერე გაყვენ ამ კონკრეტულ მიმართულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებისთვის ამაოა რჩევაც და რეკომენდაციაც, მაინც მინდა, კიდევ ერთხელ ვურჩიო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ვისაც შერჩა საღი აზრი, გაიაზრონ, რომ იმ მასშტაბურ კრიზისს, რომელშიც თავად შეიყვანეს საკუთარი თავი, ამ ტიპის ეპიზოდური ნაბიჯებით და კონტრ შავი პიარით ვერაფერს დააკლებენ. საჭიროა სერიოზული პოზიტიური ინიციატივები, თუკი ამისი ძალა და მორალური შესაძლებლობა შერჩა ხელისუფლებას“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს კითხავენ
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის ახალი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი იქნება