დავით უსუფაშვილი: პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა არის პოლიტიკოსებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა სჭირდება.

დავით უსუფაშვილმა განათლების სფროში შექმნილ ვითარებაზე, კონფერენციაზე “სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი” ისაუბრა.

მისი თქმით, აღიარებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხში ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოაბა.

მისი აზრით, ამაზე ნათლად არც თუ სასიამოვნოდ დასანახი ციფრები მეტყველებს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის კვლევებში იკვეთება იმის, თუ როგორია საერთო დონე საგანმანათლებლო სისტემის.

“ნიჭიერები და გამორჩეული ნიჭით მომადლებული ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობენ და ისინი კვალს იკვალავენ, მაგრამ როცა სასკოლო განათლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ე.წ. ხუთოსნებზე არ ვლაპარაკობთ. სასკოლო განათლების ამოცანა არ არის ის, რომ ჩვენ საამაყოდ განათლებული ადამიანები გვყავდეს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ინდივიდუალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი, ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ის ისმის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები. პრობლემის სათავის მოძიება სხვადასხვა მხარესაა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან პრობლემასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

“ამ ტრიბუნიდან სიმართლის თქმა უპრიანია. პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში, ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად ჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და გაყოლა. ყველა იმ საკითხში, რომელიც ვერ ეტევა ერთთვიანი, ან ოთხწლიანი სახელისუფლებო ციკლის პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად, ყველგან დიდი პრობლემები გვაქვს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, შიდა ქართლში კი, რწმუნებულის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა მთელი რეგიონისთვის საგანგაშოა