მესმის, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში მას სრულ თანადგომას ვუცხადებ , – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივი უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არის არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში, არამედ სახელმწიფოს მეთაური და კონსტიტუციის დაცვის გარანტი.
„ეს კონსტიტუცია საქართველოში იმოქმედებს ამ პრეზიდენტის შემდეგაც, ამ ხელისუფლების შემდეგაც, რადგან კონსტიტუცია არის ქვეყნის ფუნდამენტი და სახელმწიფოებრიობის საფუძველი. ამიტომ ამ კონსტიტუციის ნაკლულად მიღება, რომელსაც პრეზიდენტის, ანუ სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერა არ ექნებოდა, ეს სერიოზულად დააკნინებდა კონსტიტუციის მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის.
მესმის, რომ პრეზიდენტს ადამიანურად და პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
ამიტომ დიახ, პრეზიდენტები, სხვა თანამდებობის პირები, ზოგჯერ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო, ბევრი გაგვაკრიტიკებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.