დავით უსუფაშვილი პარლამენტის ჩაშლილი სხდომის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მომხდარის გამო, უსუფაშვილმა ბოდიში მოუხადა ამომრჩეველსა და ქუთაისში ჩასულ პირებს. მან სურვილი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბერს ისეთი პარლამენტი იქნება არჩეული, რომელიც ”აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს”.

”პარლამენტში გვესწრებიან პრეზიდენტის მიერ ეზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჩვენ გვესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც მზად იყო, გამოეტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები სასესხო შეთანხმების თაობაზე. მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე. მე მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, რომელიც აქ ბრძანდება – რომ არანაკლებ დაძაბული გრაფიკისა, აქ მობრძანება შესძელით. მეორეს მხრივ, არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაში, თუმცა მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცხდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნციების შესრულებას. მე ვიცი ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომელიც სამწუხარო მიზეზების გამო ვერ გვესწრება. როგორც ყოველთვის, არის გარკვეული გამონაკლისები, თუმცა დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების შინაშე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა. რეგისტრაცია მხოლოდ 30-მა დეპუტატმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია ენერგოდამოუკიდებლობისკენ