დავით უსუფაშვილი – პაპუაშვილს: ვიქნები პარლამენტის ყველა თავმჯდომარის გულშემატკივარი და თანამდგომი, მაგრამ ხმას ვერ მოგცემთ

ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა – ვიქნები ყველა პარლამენტის თავმჯდომარის გულშემატკივარი და თანამდგომი, თუკი რამე შემიძლია, იმიტომ, რომ ვიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ამაში ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ. ბატონი შალვა, რომელსაც ასევე მრავალი წელია ვიცნობ, არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი, შრომისუნარიანი და ძალიან ბევრი ისეთი თვისებით შემკული, რომელთანაც მიხაროდა კოლეგიალური ურთიერთობა და განწყობილი ვიყავი ასეთივე ურთიერთობისთვის“, – განაცხადა ფრაქციის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვისას.

დავით უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ „ლელოს’ ფრაქციის წევრებთან ერთად, შალვა პაპუაშვილს მხარს მაინც ვერ დაუჭერს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ვინაიდან, უსუფაშვილისვე შეფასებით, ამას ამ დღეებში მომხდარი მოვლენები განაპირობებს.

„ვერც მე გაძლევთ ხმას. რატომ? შორს არ წავალ. თქვენი დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის დღეებში, აი გუშინ და გუშინწინ რა მოხდა ამ პარლამენტში? საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამაყად განაცხადა, რომ „დიახ ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩავშალეთ ბიუროს სხდომა, რომელზეც ოპოზიციას ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის დადგენილი წესით, დადგენილი ფორმით შემოტანილი წინადადება ერთ-ერთ საკითხზე, კერძოდ სახელმწიფო ინსპექტორის საკითხზე ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო. ანუ მომხდარიყო ის, რაც თქვენს და ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეგლამენტში წერია. მგონი თქვენც არ მიბრძანდით ბიუროს იმ სხდომაზე, ანუ მონაწილეობა მიიღეთ ოპოზიციის დაბლოკვაში – ინიციატივის შემოტანის დაბლოკვაში. და ეს ხდება თქვენი დე-ფაქტო თავმჯდომარეობის დღეებში.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. შემოტანილია რეზოლუციის პროექტი ჩვენი ევროინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების თაობაზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან გახშირდა სრულიად უპრეცედენტო სიმწვავის განცხადებები საქართველოს მიმართ. ეს საკითხი ბიუროზე იყო განხილული, პრობლემები არ იყო, უმრავლესობას შენიშვნებიც არ ჰქონდა, მაგრამ ტარდება საგარეო კომიტეტის სხდომა და ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში და გადადის თებერვლისთვის. იქნებ როგორმე მოვახერხოთ, რომ ერთად დავუჭიროთ მხარი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, რომელიც ირაკლი კობახიძის მონდომებით, კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველა სახელმწიფო ორგანომ ყველა ზომა უნდა მიიღოს ამ მიმართულებით. იქნებით არჩეული დღეს თავმჯდომარედ და იქნებ თქვენი არჩევის პირობებში ამ დღეებში ეს მაინც მოვასწროთ“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა შალვა პაპუაშვილს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა თავმჯდომარის პოსტზე – კობახიძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები