დავით უსუფაშვილი : ,,სირცხვილია, ბატონო ბიძინა!“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს.

უსუფაშვილის თქმით, ძალიან წუხს, რომ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილია და იმედოვნებს, რომ ის არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია.

„მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამჯერად ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას.

არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ. ეს ეხებოდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და მუშაობის პროცესში ჩემს წვლილს. მოვისმინეთ, რომ თურმე თითი თითზე არ დაგვიდია და მეტიც, ჩვენი ბრალია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩევა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ვერ წარმოუდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები.

პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს ნუ ექნებათ ყველაფერი სიცრუეზე აგებული.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ვიკამათოთ ფაქტებზე და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მოძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ესეც თქვით. საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა ოთხი წელი არამედ წელიწადი და შვიდი თვის მანძილზე. ყველა დაინტერესებულ პირს ვთავაზობ პარლამენტის საიტზე შევიდეს და ნახოს, ვინ არის დოკუმენტის ავტორი. დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და „რესპუბლიკელების“ მიერ. ასევე, იხილავთ მანანა კობახიძის ნაღვაწს. ეს არის თითი-თითზე არადადებული? იმავე გვერდზე ნახავთ, ვინ დადიოდა სხდომებზე და ვინ არა. კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მას დეფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც არაფერი ადარდებდა და „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გუშინ განაცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც დავით უსუფაშვილია „თითი თითზე არ დაუდია“, როდესაც კონსტიტუციაში უამრავი კანონი იყო შესაცვლელი.

banner
წინა სტატიაშითბილისის პროკურატურაში ხათუნა ლაგაზიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ვიდრე გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ”კარგი ბიჭი იყო”, ის ფიქრობდა, რომ პრეზიდენტს ხალხის მანდატი უნდა ჰქონოდა