დავით უსუფაშვილი : ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც

“ერთ კაცზე ჩამოეკიდა ახლა ძალიან ბევრი რამ. ამ კაცს ქვია გიორგი კვირიკაშვილი და მე ვარ მისი კეთილისმყოფელი. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები მისი მაქებარი” აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრზე ბევრი რამაა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლური კურსი. უსუფაშვილი ამბობს, რომ ვიდრე კვირიკაშვილი მთავრობის მეთაურია, ამ კურსს არაფერი ემუქრება. თუმცა მისივე შეფასებით, არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომელებიც საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც.

„გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელზეც დღეს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ამასთან დღესაც გვყავს პოლიტიკოსები, ვისთვისაც გულწრფელი ფსიქოლოგიური, თუ მენტალური შეუთავსებლობა აქვს ყველაფერი დასავლურისადმი. ამიტომ, მე ცოტა ეჭვი მეპარება რამდენად მყარი იქნება ამ ადამიანების ერთობა.
თუმცა სანამ გიორგი კვირიკაშვილია პრემიერ-მინისტრი, მე ნაკლებად მაღელვებს უმრავლესობაში ასეთი ადამიანები, ოთხნი იქნებიან თუ ორმოცდაშვიდი.
მაგრამ თუ დადგა რაიმეს გამო პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი და მის ნაცვლად ჩვენ წარმოგვიდგინეს ახალი, ტექნიკური პრემიერი, მაშინ ნამდვილად მივიღებთ პრობლემებს, იმიტომ რომ პარტიას რამდენად აღმოაჩნდება უნარი რომ სხვაგან არ გადაუხვიოს, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
რადგან, თუ გადავხედავთ ამავე პარტიის ადგილობრივ ლიდერებს საკრებულოებში, გამგეობებში, იქ ცოტა სხვა ვითარებას აღმოვაჩენთ.
იქ ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც.
ასე რომ, დღეს ნამდვილად არ გვაქვს დამშვიდების საბაბი, რომ სათავეში იდეოლოგიურად და მკაფიოდ აწყობილი პოლიტიკური პარტია მოვიდა და არსად არ გადაუხვევს.
ერთ კაცზე ჩამოეკიდა ახლა ძალიან ბევრი რამ. ამ კაცს ქვია გიორგი კვირიკაშვილი და მე ვარ მისი კეთილისმყოფელი. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები მისი მაქებარი.
მე ვიქნები მისი კეთილისმყოფელი ოპონენტი, ზუსტად იმისთვის რომ რამე არასწორი არ გამოვიდეს და ეს არის ჩემი, როგორც ოპოზიციონერი როლი. მანამდე კი სხვა როლში ვიყავი და სხვანაირად ვეხმარებოდი რაც შემეძლო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა ლოგოსა და სამკერდე ნიშანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დაიშალა