დავით უსუფაშვილი : ოდირი ამბობს, რომ ოპოზიციის მოდელი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „საუბარი იმის თაობაზე, ეს მოდელი კონსტიტუციური არის თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე როგორ ფიქრობს, არის სპეკულაციური“.

მისვე განმარტებით, ეუთო/ოდირმა შეისწავლა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი, „გერმანულ გამოცდილებაზე“ დამყარებული ქართული მოდელი და მათი დასკვნა 11 გვერდზე ძალიან მკაფიოდ გაიწერა. უსუფაშვილის თქმით, ეუთო ამბობს, ეს მოდელი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში.

„ეუთოს არცერთი კითხვა არ აქვს ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მას ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები აქვს ისეთი, როგორიცაა ბიულეტენის შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკო-ს რამდენიმე ზედმეტი დღე ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისათვის და ასეთი საკითხები. ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ მზად ვიყავით და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ამ თემაზე ხელისუფლების წარმოდგენებს, აკვიატებული საკითხი აქვთ იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. გვეუბნებიან, აბა, სად წერს ეუთო რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება?! ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასამართლო წყვეტს ნებისმიერ დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არცერთ საკითხს არ სვამს ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო. იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მორიდებია და ამ დოკუმენტში ჩაწერა – ჩვენ ამ საკითხს რომ ვიხილავთ, ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და ამიტომ, კარგად დაფიქრდითო. ეს უთხრა იმავე ორგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ ეს დასკვნა გამოგვიგზავნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ, საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციური არის, თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე როგორ ფიქრობს, არის სპეკულაციური“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : ოდირის დასკვნაზე დავითს ჰკითხეთ, უსუფაშვილს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა