დავით უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას

ჩემი მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდინი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა გაუფრთხილდეს ყველა.

„ყველა გამოძიებასთან ჩვენ შეიძლება გვქონდეს ერთი მოლოდინი, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და საზოგადოებამ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა გავიგოთ სიმართლე. ამისთვის საჭიროა, უფრო მაღალი ნდობა იყოს სამართალდამცავი სისტემისადმი, თავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, მართლმსაჯულებისადმი, პარლამენტისადმი, პრეზიდენტისადმი, მთავრობისადმი, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ. თუ ჩვენ, ქართველებს გადაწყვეტილი გვაქვს სახელმწიფოს შექმნა და მისი ხანგრძლივი ვადით ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტებს უნდა გავუფრთხილდეთ, მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, მას უნდა ჰქონდეს ნდობა, ისევე როგორც პროკურორი თუ იტყვის, რომ აქ დანაშაული არ იყო, მას უნდა ჰქონდეს ჩვენი ნდობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ საქართველოში ყველაზე უფრო დეფიციტური ერთმანეთისადმი, პოლიტიკური ჯგუფებისადმი ნდობაა.

„მე არ უნდა მჭირდებოდეს გადამოწმება იმისა, თუ თქვენს ეთერში ვიხილე ფაქტი, მე უნდა გენდობოდეთ თქვენ, თქვენ უნდა მენდობოდეთ მე. ამის დეფიციტი გვაქვს ჩვენ და ეს უნდა დავძლიოთ რაც შეიძლება მალე, სხვა შემთხვევაში ყველა ჩვენი მცდელობა ქვეყნის წინ წასვლისა იქნება ფუჭი. ჩემი მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელბდეს ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდნი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას. პროკურორის მხრიდან ის მოლოდინი მაქვს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია, როდესაც ადამიანები ზუსტად მასთან ვართ ვადებული ვილაპარაკოთ სიმართლე. პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარირტება. ამ სტანდარტის მოლოდინი მაქვს ყველასგან და ხუთეულის შეხვედრის იდეაც აქედან მოდის. მინდა ჩვენ ჩვენს ხალხს ავუმაღლოთ ნდობა საკუთარი სახელმწიფოსადმი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ვერ დაძლია ვერცერთი ის პრობლემა, რომელიც ხალხის წინაშე იყო
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: ევროსაბჭოს მოსამართლეობის კანდიდატის დასახელება არ უნდა ჰქგავდეს მაჟორიტარის დასახელებას