დავით უსუფაშვილი: ყველას მივმართავ, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, მათ ახლობლებს და საქართველოს მოსახლეობას, იქნებ როგორმე ხელისუფლების ანკესზე არ წამოვეგოთ

ყველას მივმართავ, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, მათ ახლობლებს და საქართველოს მოსახლეობას, იქნებ როგორმე ხელისუფლების ანკესზე არ წამოვეგოთ, როგორმე გავიჭირვოთ ორი-სამი კვირა და ამ თემას მივხედოთ ახალი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „გარეჯის თემა შემოგდებულია“.

„გარეჯის თემა შემოგდებულია, რომ პოლიტიკოსებმაც, მედიამაც და მოსახლეობაც არჩევნებამდე დროის, ყურადღების და ენერგიის დიდი ნაწილი დავხარჯოთ ამ თემაზე და ხელისუფლებამ ის პრობლემები მიჩქმალოს, რაც ქვეყანაში დგას. ამიტომ, ნაკლებად უნდა ავყვეთ ხელისუფლებას ამ თამაშებში. დავუთმოთ სათანადო ადგილი, მაგრამ ჩემი თხოვნა და სურვილია, ამ საკითხით არ შევავსოთ მთელი ყურადღება და ეთერი, რადგან ეს არის ხელისუფლების ნომერ პირველი ჩანაფიქრი. თემა ნომერი ორი ეს არის ჩემი და ბევრი ქართველის ღრმა და გულწრფელი წუხილი, იმაზე რომ ხელისუფლების მიერ, ბოლო დროს გადადგმული პიარნაბიჯები არ გვაახლოებს აზერბაიჯანთან საქართველოს ინტერესების შესაბამისი შეთანხმების მისაღწევად. ამიტომ, ყველას მივმართავ, მათ შორის პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, მათ ახლობლებს და საქართველოს მოსახლეობას, იქნებ როგორმე, ხელისუფლების ანკესზე არ წამოვეგოთ, როგორმე გავიჭირვოთ ორი, სამი კვირა და ამ თემას მივხედოთ ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და თუ გარეჯის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტას სჭირდება გარკვეული მსხვერპლის გაღება, ვიღაცის ციხეში ყოფნა, ვიღაცის ნერვიულობა, მოდი ეს მსხვერპლი გავიღოთ, ოღონდ ორი, სამი კვირით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო