14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილი მეტადაა დამოკიდებული დღევანდელ პრემიერზე, ვიდრე პრემიერი მასზე

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილები შეაფასა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციები ყველაზე სუსტია და მას პროცესების მართვის სადავეები ხელიდან აქვს გაქცეული.

უსუფაშვილი გამოეხმაურა ვერსიებს იმის შესახებ, თითქოს ღარიბაშვილის დაკავება და მისი განცხადებები ივანიშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური სვლაა.

„მთელი ეს ამბები, რომ ბიძინა რაღაცას შვრება და ა.შ. — არ არის ეს კაცი ყოვლისშემძლე. ნუ ვაბრალებთ მას, რომ 10 წლის წინ ჩაიფიქრა რაღაც, გამოზარდა, მერე გაუშვა, მერე დააწინაურა, მერე ციხეში ჩაასმევინა, მერე წერილი დააწერინა, ახლა ბრალი წააყენებინა… ეს კონსპირაციას სცილდება და ფანტასტიურ რომანებზე გადავდივართ. ძალიან მარტივადაა საქმე: ყველაზე რთულ დღეში ამ წუთში და ყველაზე სუსტი პოზიციებით თავად დამფუძნებელია, იმიტომ რომ სკამი აღარ დარჩა“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილს საკადრო მანევრებისა და ცვლილებების რესურსი ამოეწურა: „მე მგონი, ის თავად მეტადაა დამოკიდებული დღევანდელ პრემიერზე, ვიდრე პრემიერი მასზე. დიდი ხანია ვეღარ მართავს და ეს ყველაფერი ამის გამოვლინებაა. მგონია, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გავთავისუფლდეთ ამ ტიპის კონსპირაციული თეორიებისგან“.

ცნობისთვის, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო, საქმეს „პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები მოწმეებს ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის მთავრობა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს
შემდეგი სტატიასენაკის სასამართლომ შორენა ბეგაშვილის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 500 ლარით დააჯარიმა