დავით უსუფაშვილი – გავიღიმოთ, ჩვენ პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში

გავიღიმოთ, ჩვენ პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში, – ასე მიმართა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე შეკრებილ პოლიტიკურ სპექტრს სიტყვით გამოსვლისას.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ შეეშალოს ხელი, ცვლილება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება.

„მექნება ერთი ადამიანური, ერთი პოლიტიკური და ერთი იურიდიული კომენტარი თუ შეიძლება. ადამიანური ის, რომ ცოტა გავიღიმოთ კიდეც, ძეობაში ვართ არჩევნების და არა გასვენებაში. მოდი, პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ, მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, მაგრამ ამ მომენტში გაღიმება შესაძლებელია.

პოლიტიკურს რაც შეეხება, მინდა, რომ ამ შეკრების მონაწილეები ვიყოთ რაღაც შეთანხმებითაც შეკრულები შემდეგი 5-6 თვის განმავლობაში. ამ პროცესის დასრულებას სჭირდება სამჯერ კენჭისყრა, სამჯერ 3/4 ხმები, არადა ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ არა თუ დაზღვეული ვართ, არამედ გარანტირებული გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა მწვავე საკითხი და პრობლემა.

მე არ ვიცი როდის გადადგება შს მინისტრი, არადა მგონია რომ უნდა გადადგეს, მე არ ვიცი როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომლექტების და უამრავი სხვა, ახლა არ გავაგრძელებ, მაგრამ, მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა.

სახელისუფლებო მხარეც, ოპოზიციურიც და საზოგადოებრივიც ვიყოთ, კონცენტრირებული ამ ამოცანის ბოლომდე მიყვანამდე იმიტომ, რომ ეს სჭირდება ამ ქვეყანას გაცილებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ჩვენი დღევანდელი კონკრეტული პრობლემების თაობაზე თანხმობა თუ უთანხმოებაა. მე მინდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთხოვო რაღაცნაირად იყვნენ აი ამისი გარანტიც. რაზე შევთანხმდებით, ვერ შევთანხმდებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ პროცესი რომ უნდა მიდიოდეს და მიდიოდეს სამუშაო პროცესში აი ამაზე მინდა რომ შევთანხმდეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ასევე მანდატების გადანაწილების საკითხი.

„ვინაიდან ნულოვან, ბუნებრივ ბარიერზე გააკეთა არჩევანი „ოცნებამ“, იქნებ თანმიმდევრული ვიყოთ მანდატების განაწილების სისტემაშიც და ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ. განვმარტავ, შეიძლება პარტიამ მიიღოს ორი მანდატი და მესამე მანდატის მისაღებად დააკლდეს 100 ხმა და ვიღაცა პარტიამ მიიიღოს 50 მანდატი, და 51 -ს მისაღებად დააკლდეს 13 000 ხმა. შემოთავაზებული სისტემით, ვისაც 13 000 დააკლდა რადგან დიდიაო მიაქვს ის მანდატი. სამართლიანობის და პროპორციულობის და ამ პრინციპის შესაბამისი უფრო ის იქნება, რომ ვისაც თავისი მოპოვებული ხმები, გაუნაწილებელი, ნაშთად დარჩენილი, მეტი აღმოაჩნდა, ასე დავალაგოთ პარტიები და იმათ გადავცეთ ის გაუნაწილებელი მანდატი. ეს სისტემას და პრინციპს უფრო მეტად შეესაბამება. თუმცა ამ თემებზე ცხადია უფრო დეტალურად იმ სამუშაო რეჟიმშია სასაუბრო“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა
შემდეგი სტატიარუსთავში მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა