დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი მიიღო, რომელიც საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას ესწრება.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. პედრო აგრამუნტის შეფასებით, ქართველი პარლამენტარები ასამბლეის მუშაობაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და ასამბლეის სხვა წევრებთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობა ჩვენს ქვეყანაში პარლამენტარიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და პროდუქტიული თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

პედრო აგრამუნტმა დავით უსუფაშვილი 15-16 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტების სპიკერების კონფერენციაზე მიიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და პედრო აგრამუნტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„მჯერა, რომ ეს ვიზიტი შესაძლებლობაა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის ხაზგასასმელად, ისევე როგორც, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების გზების მოსაძებნად.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრია უკვე 17 წელია და ამ 17 წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება მოახდინა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მხრივ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააგრძელონ ეს გზა, რათა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და გატარდეს რეფორმები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაც. ვიმედოვნებ რომ საქართველო მალე მოახდენს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას.

საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას საშინაო რეფორმების გატარების მხრივ, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

პედრო აგრამუნტის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოახლოებულ არჩევნებსა და მის მშვიდობიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და ამ შეხვედრაზე ბატონი აგრამუნტი მეუბნებოდა, რომ ქართველი პარლამენტარები პირველ ადგილზე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობაში აქტიურობით, არა მხოლოდ დასწრებით, არამედ გამოსვლებით, ინიციატივებით. ეს ძალიან სასიამოვნო და კარგია. საქართველოს მიღწევების თაობაზე პატივცემული სტუმრის შეფასებები მოვისმინეთ. ის ძალიან კმაყოფილია, რომ ბევრი მიმართულებით წინ მივიწევთ, ამაზე თავად მოგახსენათ. დავუდასტურე, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი, იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, რადგან ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება და ძალიან კარგია, რომ ასეთი მეგობრები გვყავს ევროპულ არენაზე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის შეხვდა
შემდეგი სტატიაკიევის პოლიცია ველოსიპედზე გადაჯდება