დავით უსუფაშვილი: დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაყვა

“დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაყვა. ასეთ ბრძოლაში მას თიბისი ბანკის აქციონერების ინტერესები ტვირთად აწვებოდა. დღეს მან ამ ტვირთზე თქვა უარი და მეტი არაფერზე – არც ქონებაზე, არც ბიზნეს პერსპექტივაზე, არც პირად ღირსებაზე და, საბოლოო ჯამში, არც 27 წლის პირმშოზე. დუელის პროცესში კი ეს ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე. საკითხავი ისაა, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე”,-აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის“ ვალი.

banner
წინა სტატიაშითიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: ვისაც გადარდებთ თი-ბი-სის რეპუტაცია და სიმტკიცე, სიჩუმეა წამალი