,,დავით უსუფაშვილი დაგვეთანხმა, რომ საკითხები, რომელსაც “ეს შენ გეხება” აყენებს, ქვეყნის ინტერესებშია”

პარლამენტის თავმჯდომარე დაგვეთანხმა, რომ საკითხები, რომელსაც კამპანია “ეს შენ გეხება” აყენებს, აქტუალურია და მათი გადაწყვეტა ქვეყნის ინტერესებშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სპიკერთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

“საკითხები, რომელსაც კამპანია “ეს შენ გეხება” აყენებს, არის აქტუალური და ამ აქტუალობას იზიარებს პოლიტიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილი. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც დაგვეთანხმა, რომ ეს საკითხები აქტუალურია და ქვეყნის ინტერესებშია მათი გადაწყვეტა. რაც შეეხება კონკრეტული თემების მხარდაჭერას, შევთანხმდით, რომ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი მიდგომების და საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე და შევთანხმდით, რომ კარი რჩება ღია დიალოგის გაგრძელებისთვის”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა შემოთავაზებები რეკომენდაციების მოდიფიცირებაზე და გარკვეულ სტრატეგიულ ნაბიჯებზე. “თუმცა, საბოლოო ჯამში კონკრეტული პასუხები მისგან არ მიგვიღია, მაგრამ დანამდვილებით იგრძნობოდა ამ პროცესის მიმართ მისი ინტერესი და მხარდაჭერა, ამ ცვლილებების საჭიროებას ის ხედავს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

“ეს შენ გეხება” სახელმწიფოს სთავაზობს, შექმნას სამი ახალი ორგანო და გაატაროს რეფორმა უსაფრთხოების სფეროში. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფუნქციები, შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო, გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, კერძოდ, შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. შესაბამისად, ეს სამსახურები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე. მიყურადება განხორციელდეს სასამართლოს კონტროლით. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში მიყურადების შეჩერება შეეძლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელ ფუნქციას.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ონლაინ-სესხებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიამარტვილის კანიონში ადგილობრივ მოსახლეობას მუშაობა აეკრძალა-აქცია მარტვილში