დავით უსუფაშვილი: მე და ხმალაძე პროვოკაციებს ვგეგმავთ, რომლითაც ქვეყანა უნდა დავამხოთ

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შს მინისტრი ქვეყანაში წესრიგზეა პასუხისმგებელი და მას არ უკვირს, თუკი ძალოვანი მინისტრი გარკვეულ პრევენციას აკეთებს.

უსუფაშვილი შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„აქედან გავალთ თუ არა, მე და ვახტანგ ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა დავამხოთ. გთხოვთ, ეს საქმე გამოიძიოთ, ჟურნალისტურადაც და სხვანაირადაც. შს მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე და არ მიკვირს, თუკი ის გარკვეულ პრევენციას აკეთებს. თუმცა, მგონია, რომ ბატონი გიორგი საკმაოდ გონიერი ადამიანი და წინასაარჩევნო პერიოდში და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში სწორად და კარგად დაინახავს შსს-ს როლს და ადგილს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას მინისტრისგან და მთავრობისგან სჭირდება არა ზოგადი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი, ამას პოლიტიკოსები ერთმანეთს მარტივად აბრალებენ ხოლმე, არამედ ფაქტები, ან გახსნილი საქმე, ან შეკავებული დანაშაული.

„სხვა შემთხვევაში, შეიძლება ჩვენდაუნებურად ხელი შევუწყოთ ხოლმე სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას. ბატონ გიორგის პატივს ვცემ და ამის თქმა არ მიჭირს, ახლა, როცა პოლიტიკური ოპონენტები ვართ გუნდები, რადგან პერსონალურად პატივს ვცემდი და პატივს ვცემ, მაგრამ მინდა მოკრძალებით ვთხოვო, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ნაწილს მისი გამოსვლების, რადგან 1-2 დღის წინ, როდესაც საუბრობდა ერთ-ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სამტრედიის ტრაგედიაზე, ბოლოს იმით დაასრულა, რომ ყველამ იცის ჩვენ გავიმარჯვებთ და ამიტომ ეძებენ ვიღაცები რაღაც გზებს და ა.შ.

მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, „რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს წინააღმდეგ არ იბრძვის, ჩვენ სახელმწიფოს არ ვეჯიბრებით არჩევნებში, ჩვენ მთავრობასთან არ გვაქვს კონკურენცია, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები ამ არჩევნებში და ისინი მონაწილეობენ , თავის სათქმელს ამბობენ და იტყვიან. მინისტრისგან, რომელიც თავისი კონკრეტული საქმის კეთების პროცესშია, ჩვენ ალბათ ველით უფრო იმ საქმის კეთებას, რაც საკეთებელია. ამ თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ნათლად ჰყოფს, ავლებს ზღვარს, მაგალითად პარლამენტის წევრს რა შეუძლია, მინისტრს რა შეუძლია, და ა.შ. იმის თქმა, მინდა, რომ წესრიგი აუცილებელია, მე ყველა არჩევნების წინ ბოლო ხანებში მქონდა განცდა, რომ შესაძლოა ზოგ პოლიტიკურ პარტიას ჰქონოდა სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები არჩევნების დროს, მე ამას არ გამოვრიცხავ არც დღეს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ძალიან დაძაბულ სამეზობლოში ვიღაც სხვას ქონდეს რაღაც სურვილები, მაგრამ ამაზე საუბარი კი არა ქმედებაა საჭირო და გამოვლენა თუ ვინმემ რამე იცის“, – დასძინა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : უშიშროების საბჭოს მდივანი უნდა იყოს ჭკუადამჯდარი ადამიანი
შემდეგი სტატიასომხეთის პრემიერად “გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი დაინიშნა