დავით უსუფაშვილი : ჩვენ და “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნების შემდეგ ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ

ჩვენი მინისტრები, საქმისთვის ზიანის მიუყენებლად, პორტფელებს ახალ ხალხს გადააბარებენ და პრემიერთან ძალიან მჭიდრო კოორდინირებულ საქმიანობას ისევ გავაგრძელებ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში.

“გიორგი კვირიკაშვილი დიდი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება, დავით უსუფაშვილი კი – მომცრო, მაგრამ ყოჩაღი „რესპუბლიკური პარტიის“ლიდერი. მე და გიორგი კვირიკაშვილი მონდომებული ვართ და ქართველ ხალხს, მათ შორის, სკეპტიკოსებსაც დავუდასტურებთ, რომ დიახ, შესაძლებელია კონკურენცია და კონკურენციის პირობებში – საერთო საქმის ერთად კეთება. ეს მრავალპარტიული დემოკრატიის ანი და ბანია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, კოალიციის ნელ-ნელა ჩამოშლა არასწორი იყო და “ქართული ოცნების”, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” სამეულის შენარჩუნება ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.

“რესპუბლიკელები ვთვლით, რომ კოალიციის ნელ-ნელა ჩამოშლა არასწორი იყო და სწორი იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი გეგმა, რომელიც სამწუხაროდ, მერე ნელ-ნელა შეიცვალა. ის ამბობდა, რომ მოვიდოდა, პარტიას შექმნიდა და “რესპუბლიკელებთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ, ამ სამეულის შენარჩუნება საქართველოს ძალიან სასიკეთოდ წაადგებოდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკელები მზად არიან იმ ადამიანებთან სათანამშრომლოდ, ვისთანაც პროგრამული და იდეური ერთობა ექნებათ.

“ქართულ ოცნებასთან” ერთად ძალიან სერიოზული გზა გავიარეთ, ბევრი ოფლი დავღვარეთ და საფუძველი ბევრ საქმეს ერთად ჩავუყარეთ. ჩვენ და “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნების შემდეგ ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ. მზად ვართ, იმ ადამიანებთან სათანამშრომლოდ, ვისთანაც პროგრამული და იდეური ერთობა გვექნება. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს განახლებას “ქართული ოცნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი : რამდენადაც ვიცით, გუკა რჩეულიშვილს საზღვარი არ დაუტოვებია და ამ განჩინების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდება ძებნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ნაწყენი არა, ნატკენი ვიყავი