დავით უსუფაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს

“არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საქართველომ უნდა მოითხოვოს და არ უნდა ითხოვოს. ეს არის სწორი მიდგომა სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდანაც და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემული მამულიშვილებისთვის სათანადო პატივის მისაგებადაც. ქვეყანამ თავი არ უნდა ჩავიყენოთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ცხედრის გადმოცემა რუსეთისგან მოწყალების გაღებად ჩაითვლება, რაზეც ჩვენ საპასუხო მადლიერების ვალდებულება გაგვიჩნდება. ესაა ოკუპაციისა და დე-ფაქტო ომის პირობებში მყოფი ქვეყნის მკაცრი რეალობა, სადაც უმძიმესი ადამიანური ტრაგედიებიც კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრატეგიის კონტექსტშია დასანახი.

მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა ამ პოლიტიკის გახმოვანებისას არ უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას ქართული მხარე მზადაა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს პროცესი. ასე ჩვენ აფხაზ ხალხს შეიძლება ვესაუბროთ და არა აგრესორ და ოკუპანტ უცხო სახელმწიფოს.
კარგად მესმის პრემიერის, რომელიც ვალდებულია გაუმკლავდეს მძიმე მორალურ და პოლიტიკურ დილემებს. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ზნეობრივ პრინციპებს და ამ კონტექსტში სხვა კომპლექსური საკითხების წამოწევა ვერ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს რუსეთთან ურთიერთობაში.”

დავით უსუფაშვილი

banner
წინა სტატიაშირა უნდა დათმოს იმ დროს, როცა მიცვალებულის ცხედარს არ აძლევენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პრემიერის მიერ გავრცელებული განცხადება არის კაპიტულანტური