დავით უსუფაშვილი – ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი არის ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად

ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი არის ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. მიზანია უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მელიას განთავისუფლება. მელიას გათავისუფლება აუცილებელია, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის სხვა პუნქტების შესრულება შესაძლებელი გახდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა იყო და რჩება ვადამდელი არჩევნების მიღწევა.

„ამის მექანიზმად გვაქვს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება, ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას სჭირდება ამ საკითხების მოგვარება. მოვედით და გავივლით რეგისტრაციას, რომ ჩვენი მხრიდან შევასრულოთ ვალდებულება და ამით გადავდგათ ნაბიჯი წინ. ამნსტიის საკითხებს რაც შეეხება, ამაზე იქნება მსჯელობა. გუშინ მელიამ განაცხადა, რომ თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვნენ თანახმა. ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა. ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, იქნება ეს ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ. მოვედით, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, დავარწმუნოთ კოლეგები, ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის წასვლას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

„არჩილ თალაკვაძის გადაყენება, გადადგომა არ არის შემთხვევითი. ცხადია, უკავშირდება ამ პროცესს, მაგრამ ვალდებულება აღებულია მმართველი პარტიის მიერ და არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობაზე ახლა სხვა გვარის ადამიანი არის თუ არა. დარწმუნებული ვარ, რომ ის უპრეცედენტო ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოების, რაც ჩვენ ვნახეთ, იქნება გარანტი, რომ ყველა მხარემ საბოლოო ჯამში შეასრულოს ვალდებულება. ეს არ იქნება ია-ვარდით მოფენილი გზა, ამას სჭირდება შრომა, ბრძოლა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული. დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მხარის ვალდებულება. საკითხების განხილვაში მონაწილეობას ცხადია არ ვიღებთ, რადგან ეს არ არის დღეს ჩვენს დღის წესრიგში, მაგრამ საპარლამენტო პროცესში ჩართვის დასადასტურებლად, ჩვენ ოფიციალურად რეგისტრაციას გავივლით, რომ ჩაირთოს ის მექანიზმები, რაც გათვალისწინებულია შეთანხმებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ბაიდენი სომხების გენოციდის აღიარების გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი – გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლაა