დავით სონღულაშვილმა რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციაში – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე რეგიონში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელეს.

დავით სონღულაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ჰიდრორესურსების ათვისებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, საქართველოს პოტენციალზე ისაუბრა.

„ქვეყანა ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის შემუშავების პროცესშია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვებს, პრიორიტეტებს და ღონისძიებებს 2030 წლამდე ითვალისწინებს. პარალელურად კი, უნდა დაიწყოს მუშაობა საქართველოში არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე. დღეს მხოლოდ 22% გვაქვს ათვისებული იმ დროს, როცა ქვეყანაში არსებული მდინარეებიდან 300 იძლევა ჰიდროენერგიის წარმოების და შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობას.

არსებული რესურსის გამოყენება და განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მოზიდვა კი, თავის მხრივ, გამოიწვევს სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. მას გააჩნია პოტენციალი, ჩამოყალიბდეს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის ჰაბად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა, დარგის ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს.

წინა სტატიაშიაშშ სანქცირებულ რუს ოლიგარქს $5,3 მილიონს ჩამოართმევს
შემდეგი სტატიასაქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სამცხე-ჯავახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება