დავით სონღულაშვილი: საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია და აქვს ამის სრული შესაძლებლობა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რეგიონში ლიდერები ვიყოთ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო კერძო-საჯარო დიალოგში „ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მოდელი საქართველოსთვის“.

საჯარო დიალოგის ფორმატში განიხილეს მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ზეგავლენით შექმნილი ახალი გამოწვევები, საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის (საჯარო და კერძო ელ-სერვისების) ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტ-მოდელი.

„ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და პოსტ-კოვიდურმა ვითარებამ კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად წინ ხარ ტრანსფორმაციის პროცესში, მით უფრო კონკურენტუნარიანია ქვეყანა, მით უფრო მეტი ინტეგრაციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის და მით უფრო სწრაფად ვითარდება ეკონომიკა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

კომიტეტის თავმჯდომარემ საჯარო სექტორის მოდერნიზაციისთვის ხელისუფლების ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე, ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობასა და მოქალაქეებზე ორიენტირებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია და აქვს ამის სრული შესაძლებლობა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რეგიონში ლიდერები ვიყოთ. კერძო სექტორის მხარდაჭერით ეს შესაძლებელი გახდება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი დაწყებულია ძალიან აქტიურად. ის პროგრამები და ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონებში ხორციელდება ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა პროცესი დაჩქარებულად იყო დაძრული“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მან კერძო სექტორთან და მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობისა და ღია დიალოგისთვის, კომიტეტის სახელით, მზაობა გამოხატა.

ღონისძიებაზე ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მიდგომა საქართველოსთვის პრეზენტაცია გაიმართა. დისკუსიაში ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მოდელი საქართველოსთვის“ საქართველოს ICT კლასტერისა და „ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის“ თანამშრომლობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტის ჩართულობით შემუშავდა.

banner
წინა სტატიაშიიაპონია უკრაინას საკვებისა და მედიკამენტების დამატებით მარაგს მიაწვდის – იაპონიის პრემიერი
შემდეგი სტატიაზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა