გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. სწორედ ამიტომ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა რეგიონის ფერმერებთან და მეხორბლეებთან. განვიხილეთ ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დარგი. აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული გამოწვევებია, რის გათვალისწინებითაც ვიმსჯელეთ ერთიანი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. ამ მექანიზმებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება სოფლის განვითარების სააგენტოსთან და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც ფერმერებმა დააყენეს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


















