დავით სონღულაშვილი: ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დიდი შესაძლებლობები აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში

ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.

მოხსენება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით (EU-GEO AA) და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ, სფეროში არსებული პროგრესისა და არსებული გამოწვევების თაობაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ არაბიძემ. მან ასევე შესაბამისი უწყებებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.

„საქართველო, გაერთიანების წევრობის ხუთწლიანი გამოცდილების ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში.

შესაბამისად, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაში დიდი წინსვლა გვაქვს და ამას ადასტურებს რამდენიმე კანონის დამტკიცება და მეორადი კანონმდებლობების შემუშავების პროცესი, რომელიც უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებითაა. ასევე, უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია, ხოლო მიმდინარეობს, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი.

მოკლედ შევეხები ასევე, იმ პოტენციალს რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბებაში. ქვეყანას, ნამდვილად დიდი შესაძლებლობები აქვს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია, ბიზნეს ასოციაციის, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექპერტები.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიომ არასდროს არ უნდა დაივიწყოს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაგერმანიამ 143 მილიონი ევროს რუსული აქტივები გაყინა – Spiegel