დავით სერგეენკოს თქმით, შესაძლებელია, რომ ტყიბულელ მაღაროელებს შეღავათები აღუდგეთ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ტყიბულელი მეშახტეების საკითხს დიალოგის რეჟიმი გადაწყვეტს.

სერგეენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს, საჭიროა, მკაფიოდ გაიმიჯნიოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და პოლიტიკური შეხედულება.

მისივე განმარტებით, შრომითი დავების ნაწილში არ ჩანს არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დიალოგი არ შეიძლება. დავით სერგეენკო მხარეებს მოუწოდებს, პროცესები დიალოგის რეჟიმში გადაიყვანონ.

„რაც შეეხება ტყიბულში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ვალდებული ვარ, რომ ხაზი გავუსვა. პირველი ის, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა შრომითი დავების მედიაცია. არა მხარედ გამოსვლა, არამედ სწორედ რომ მედიაცია. სამინისტრო ამ პროცესებში პირველი დღეებიდანვე ჩართული იყო, აქტიურად მონაწილეობს და ახლაც იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დაასრულდეს, გადავიდეს მოლაპარაკების ფაზაში, ძირითადი საკვანძო საკითხები იქნას განხილული ცივილურად და კანონის ფარგლებში, საჭიროა, რომ მკაფიოდ გაიმიჯნიოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და რაიმე სხვა შემადგენელი – იქნება ეს პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულება, თუ რაიმე სხვა. ცალსახად ვადასტურებ, რომ შრომითი დავების ნაწილში ჩვენი შეფასებით არ ჩანს არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ასევე, ეს განვითარებული მოვლენები მიუხედავად იმისა, რომ დომინანტი არის შრომითი დავა, ასევე მოიცავს სხვა აქტივობებსაც. ისეთს, როგორიც არის წლის დასაწყისიდან ძალაში შესული კანონი, რომლის მიხედვითაც მეშახტეებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეიძლებოდა გაუქმებოდა. მთავრობამ გამოიტანა ეს საკითხი და ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში. ჩვენი პოიზციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია, ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მეშახტეებს, აღუდგეთ და ის ამოქმედდება 2016 წლის პირველი იანვრიდან. ამით რეალური და არა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების, ფაქტობრივად, 360 გრადუსი იხურება და ყველა მონაცემები გვაქვს იმის, რომ გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, რის იმედსაც მე ვიტოვებ. ჩემი ხაზგასმული მოწოდება იქნება, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების მიმართ, რომ მოგვცენ იმის საშუალება, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ. ვერ ვხედავთ ვერც ერთ ისეთ საკვანძო საკითხს, რომელზეც არ შეიძლება მოლაპარაკება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელ მაღაროელებს მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ – შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.

banner
წინა სტატიაში„უნდა გვახსოვდეს დღევანდელი დღე, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშა“
შემდეგი სტატია(ვიდეო) თედო კობახიძე ზაუტაშვილის ადვოკატს უნამუსოს უწოდებს