დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების – საშუალო სიმძიმისაა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დავით სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.

“დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ ინტენსიური ჩარევა სჭირდებათ.

“ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ”, – განაცხადა სერგეენკომ.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

“ჩვენთან შემოვიდა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – შახტებში უსაფრთხოება ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს
შემდეგი სტატიაბატონო შალვა, მედიას მიხედეთ! – საინფორმაციო სივრცე დაბალანსებული უნდა იყოს და პროკურატურის მხარე ჩანდეს