დავით სერგეენკო : ჰაერის დაბინძურებაზე საბოლოო მონაცემები ახალი გადათვლის შემდეგ გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი პარამეტრები გაუგებარი იყო.

სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, თბილისში შემოწმების მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

“ამ ეტაპზე იკვეთება ასეთი სიტუაცია, რომ იმ ფაქტორებზე, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ამ რეიტინგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემი არის მყარი საწვავის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის დაბინძურებაზე. აღებული იყო 2003-2005 წლის მონაცემები. საბედნიეროდ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ამ მონაცემების გადათვლა თავიდან მოხდება. თუმცა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ ეს ფაქტორი იყო ე.წ. შენობის შიდა ჰაერის სისუფთავე, შენობის გარე სისუფთავე, გამონაბოლქვი, მართლაც ყურადღებას იმსახურებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში “ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება”, რომლის თანახმადაც, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ზუგდიდში – ჩხუბი პატრულის თანამშრომელსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის
შემდეგი სტატია13 ივლისს „ქართული ოცნება” საგურამოში პარტიის ახალ სახეებს წარადგენს