დავით სერგეენკო – წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ წითელას ვაქცინებთან დაკავშირებით თურქეთთან მოხდა შეთანხმება და ვაქცინები უკვე გზაშია. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში არაგეგმური ვაქცინაციისთვის 150 000 დოზა ვაქცინა იყო, სულ კი 65 000 ადამიანი აიცრა.

„შევხედეთ რა, რომ აცრებზე მომართვიანობა მაღალია, რაც ძალიან კარგია, გადავწყვიტეთ, თავი დაგვეზღვია შემდეგი შესყიდული პარტიის ჩამოსვლამდე, მარტამდე. ერთი საათიც რომ არ ყოფილიყო წყვეტა, ამიტომ გადავიზღვიეთ თავი და ეს 100 000 ვაქცინა უკვე რამდენიმე საათში აქ იქნება. ამ შემთხვევაში, ეს არის თხოვება – ვაქცინებს თურქულ მხარეს დავუბრუნებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა.

„ეს მიღწეულია იმით, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციაში, 65 000 პირის ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი სამიზნეა 20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 000 ადამიანი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის მშობელს მოთხოვონ აცრების სერთიფიკატები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სერთიფიკატის წარუდგენლობის გამო მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს.

„ამოცანა და მიზანი არის ის, რომ სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ, კონსულტაციით დავეხმაროთ მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა, შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში და არა ბავშვებს შეუჩერდეთ სტატუსი. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის იმაზე ყურადღების გამახვილება და ხელშეწყობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის წითელას აცრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – სტრატეგიის მიზანი მთავრობის ვალის მაქსიმალურად ოპტიმალური მართვაა
შემდეგი სტატიამთავრობა სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზების ვარიანტების განხილვას გეგმავს