დავით სერგეენკო: თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მის უწყებაში ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10%-იანი კლებაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხარჯების პროცენტის შეკვეცაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ზოგადად, ვიცით, რომ ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10%-იანი კლებაა მოსალოდნელი. მაღალი ალაბთობით, ეს ასეც იქნება. ჩვენ მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონია. ახლა ვგეგმავთ, დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის, ვინც მართლა ეფექტურად მუშაობს 10%-იანი კლება არ მოხდეს, არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხები დავუბალანსოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებაში თანამშრომელთა შემცირება არ მოხდება.

„ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა და არც იქნება. ბიუჯეტის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა იმ ინსტრუმენტების ამუშავება, რომელიც თანამშრომლების მუშაობის შესრულებას ობიექტური კრიტერიუმებით გაზომავს. ვფიქრობ, თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში“, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღებში რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება