დავით სერგეენკო: შევეცდებით, მოსახლეობას პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შეეცდებიან მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ, რომ მათ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე განვადება არ დასჭირდეთ.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველა შეფასებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე ჩატარდა, არის პოზიტიური.
“რჩება ერთი მთავარი გამოწვევა, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ანუ მედიკამენტებზე, რომლებსაც ისინი ბინაზე ღებულობენ, საავადმყოფოში მისაღებ მედიკამენტებს კი სახელმწიფო უფინანსებს. ეს გამოწვევა რჩება. მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ბოლო დღეების ტესტირებას გავდივართ ამაზე და ალბათ შეგვეძლება მომავალი თვის განმავლობაში უკვე ეს პროექტი დავიწყოთ. ვგულისხმობ მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდას”, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მედიკამენტების განვადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სერგეენკომ აღნიშნა, რომ მან არ იცის ვის დაებადა და საიდან დაებადა ეს აზრი.
“რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება მისაღებია. თუმცა, შემიძლია ვუთხრა ჩვენ მოსახლეობას, რომ ამის საჭიროება ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ როგორც ადრე იყო, პენსიების ხარჯზე სესხის აღებამ ძალიან დიდი ტვირთი დააკისრა ჩვენს პენსიონერებს. შესაბამისად, ვეცდებით მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის 40-მდე საიდუმლო გვირაბი ერაყში აღმოაჩინეს (ფოტო)
შემდეგი სტატია“წამების ამსახველ კადრებზე შსს-მ მიმართა უკრაინას, თუმცა, ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია”