დავით სერგეენკო – შახტებში უსაფრთხოება ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს

დამცავი აღჭურვილობა და ის დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება, ადგილზე იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მინდელის შახტაზე საუბრისას განახადა. მინისტრმა აღნიშნულ შახტაში მომხდარი წინა უბედური შემთხვევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღჭურვილობა მაშინაც არსებობდა.

“წინა უბედური შემთხვევის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ და იქ გამოკვეთილი იყო ესეთი სურათი, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობდა, უსაფრთხოების სამართავი პროტოკოლები არსებობდა და იყო ადამიანური ფაქტორი. მენეჯმენტს უნდა უზრუნველეყო, რომ ეს ყველა წესი მკაცრად დაცული ყოფილიყო.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, ამ წუთებში ჩავიდნენ შრომის ინსპექტორები და სულ მოკლე ხანში მეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ შრომის უსაფრთხოება დაცულია, ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკური საშუალებები და შესაბამისი მოქმედების პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ესა თუ ის სამუშაო. ბოლო მოკვლევის დროს, ადგილზე იყო როგორც აღჭურვილობა, ასევე ტექნიკური საშუალებები და ასევე პროტოკოლები. ოღონდ მთავარია, რომ ეს ყველაფრი სწორად იყოს დაცული და გამოყენებული. მე არ ვიცი ჯერ ამ შემთხვევაში რამდენად სწორად იყო დაცული და გამოყენებული”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, კომპანიების მენეჯმენტმა უნდა დაიცვან წესები და რეგულაციები, რადგან სხვა მხრივ არაფერს აზრი არ აქვს.
“ის, რაც მოხდა, არის წარმოუდგენელი ტრაგედია. რა თქმა უნდა, სწორია, რომ დაიხურა ის შახტა და ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს იქაური უსაფრთხოება”, – განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკომ შრომის ინსპექციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შრომის უსაფრთხოება 5 დონით კონტროლდება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიების ზედამხედველობაა.

“შრომის ინსპექცია 2015 წელსაა შექმნილი და ყველას მინდა ვთხოვო ყურადღებით მოუსმინოს რასაც ვამბობ, შრომის უსაფრთხოება 5 დონით კონტროლდება. შრომის ინსპექცია მათგან ერთ-ერთია, რომელიც არა უწყვეტ ზედამხედველობას, არამედ სისტემურ შემოწმებას ახორციელებს. ზედამხედველობისთვის დანარჩენი 4 ეშელონია, რომელთაგან ყველაზე მთავარი საკუთრივ კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობაა. რაც არ უნდა გავზარდოთ შრომის ინსპექტორების რაოდენობა, მათი პორტფელი არის სისტემური ხარვეზების აღმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა”, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიარ ვიცი, რა მოხდა, ახალი შეძენილია ტექნიკა, რომელიც აკონტროლებს მთლიანად გაზის რაოდენობას – “საქნახშირის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების – საშუალო სიმძიმისაა