დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულების საგანგებო რეჟიმზე გადასვლას სასწავლო პროცესის დაწყებას უკავშირებს

უახლოეს დღეებში მოსახლეობა ბრუნდება დიდ ქალაქებში და იწყება სასწავლო პროცესი, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯანდაცვის დაწესებულებების გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე გადაგვეყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა. ამასთან, აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული სამსახურები ჯერ კიდევ მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

„ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად, პოზიტიური დინამიკაა და გვაჩვენებს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა თვისობრივი მახასიათებელი, თუ იმ ადამიანებიდან, ვისაც დაემართა გრიპი, რამდენ პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, აქ უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. იყო 41 პროცენტი, საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით კი, ეს მაჩვენებელი შემცირდა 33-მდე, თუმცა 30 არის მძიმე, სერიოზული სიმძიმის მაჩვენებელი.

რაც შეეხება კითხვას, რატომ გადავიყვანეთ ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი საგანგებო რეჟიმზე ახლა და არა უფრო ადრე, სამინისტრო თავისთავად მუშაობს საგანგებო რეჟიმში. 31-ში როდესაც შევაფასეთ მდგომარეობა, გვქონდა ასეთი დინამიკა, რომ მოსახლეობის ნაწილი წინასადღესასწაულო პერიოდში ქალაქიდან გადის, წყდება სასწავლო და აღმზრდელობითი აქტივობები და ასეთ შემთხვევაში, იმ ხუთი ძირითადი ინდიკატორიდან მკაფიოდ დაგვედო სურათი, რომ საახალწლო დღეებში აუცილებელი იყო რეგიონული სამსახურების გაძლიერება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული სამსახურები გადავიდნენ და ჯერ კიდევ რჩებიან საგანგებო რეჟიმში.

უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოსახლეობის დაბრუნება დიდ ქალაქებში და სასწავლო პროცესების განახლება. ამის დინამიკა ჩვენ უკვე გვაქვს და ამაზე პირდაპირი ჩვენება გვქონდა, რომ უკვე დღეიდან გადაგვეყვანა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე, რამაც დღესვე მოგვცა შედეგი. ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან სკურპულოზურად და თვლადი ინდიკატორებით, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გვაძლევს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ხვალიდან კი, მუშაობის 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – საქართველოს მთავრობას მართლმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონია