დავით სერგეენკო: ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღებში რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიით გასული ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვების რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

„უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. კონკრეტულად იქ მოხდა ასეთი რამე – რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა. როდესაც ბავშვებს ეხება საკითხი, ნებისმიერი თემა მგრძნობიარეა. ასე რომ, ერთი მხრივ მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშაულებებს, ნუ შეეხებით ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების თემას,ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ ეს ობიექტური რეალობაა. მეორე მხრივ, ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებს მოვუწოდებ, ძალიან მკაცრად დაიცვან ის რეგლამენტები და რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი. რაც შეეხება კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს, სადაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჩემი მოქალაქეობრივი სათხოვარი იქნება, რომ ჯერ ჩაეხედათ ამ თემაში და შემდეგ დაეწერათ. ახლა კარგს იზამენ, თუ ამ ყველაფრის სწორ, ობიექტურ აღწერას გააკეთებენ და ვფიქრობ, ამ ბავშვების მშობლებს მოუხდიან ბოდიშს ამ მღელვარების გამო“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს საუბარი შეეხო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თელავის საბავშვო ბაღებში რაციონი გადაიხედა და რაციონიდან ამოღებულია მნიშვნელოვანი საკვები.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიაში ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე