დავით რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით რაქვიაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში ყოფნა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია.

“უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ეს კარგად მესმის.

ისეთ დროს, როდესაც, ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოლენასა და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპული ღირებულებების მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდაოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ასეთ ცვალებად გარემოში, შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მუშაობით, ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის ის პრიორიტეტები, ესაა სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მან მის წინამორბედს, ირინე იმერლიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმრელიშვილმა ამ ინსტიტუციის შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მყარი საფუძელი შექმნა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დავით რაქვიაშვილზე: ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ არჩევნებს აგებს