დავით რაქვიაშვილი – დღეს რაც მე ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება

ეს ბოროტება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ეს ხაზები, მავთულხლართები თუ თხრილები, რომელიც საქართველოს ტერიტორიას ჰყოფს ორად, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. ის დღეს ქარელის რაიონში ე.წ. საზღვართან იმყოფებოდა, სადაც ოკუპანტებმა თხრილები გააკეთეს.
დავით რაქვიაშვილმა მიმდინარე პროცესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მორიგი აგრესიული აქტი უწოდა.


უშიშროების საბჭოს მდივანი პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ერთადერთი, რითაც საქართველო ამას შეიძლება დაუპირისპირდეს, ეს არის მორალური სიმტკიცე, რაც მიიღწევა მხოლოდ ერთიანობით. ხელისუფლება, პოზიცია თუ ოპოზიცია, არასამთვარობო სექტორი თუ საზოგადოება, ყველა ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს შეჯერებული, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ ისტორიულ უსამართლობას.
საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არანაირ გამყოფ ხაზებს. ის, რაც არის დღეს ოკუპაციის ხაზი, ეს არის არალეგიტიმური. თავისთავად ეს შეფასება, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ეს ხაზი, თუ მიუყვება რუსეთის მიერ ცალმხრივად აღიარებულ დემარკაციულ ზოლს, თავისთავად ეს უკვე არის პრობლემური, რადგან ორივე თვალსაზრისით, როგორც გახლეჩილი საზოგადოების, ისე გაყოფილი ტერიტორიის თვალსაზრისით, ეს ხაზი სადაც არ უნდა გადიოდეს, ეს არის საქართველოს სახელმწიფიოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
დღეს მე რაც ვნახე, ეს არის მორიგი აგრესიული ქმედება და საქართველოს სჭირდება კონსოლიდირება. არ შეიძლება იყოს გაყოფილი საქართველოს სახელმწიფო პოზიციად ან ოპოზიციად. აუცილებელია ერთიანი ეროვნული მიდგომა იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი გაცილებით უფრო მაღალ ღირებულებას იძენდეს ჩვენი პარტნიორების დღის წისრიგში, როცა საუბარი მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობაზე“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშიირანს ყარაბაღში ომის საფრთხე აშფოთებს
შემდეგი სტატიასკანდალი რუსულ ეკლესიაში – პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია