დავით ქაცარავა – აქედან მხოლოდ მაშინ წავალთ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები

region
: region მარტი 16, 2019 10:04

დავით ქაცარავა – აქედან მხოლოდ მაშინ წავალთ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან ერთად სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე დღეს 12:00 საათისთვის შევლენ.

როგორც ქაცარავამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ხურავლეთის ბაღებში არ იმყოფებიან რუსი სამხედროები.

„გუშინ, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები და ნახევარი დღის განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. რამდენიმე საათის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არავის უშვებდნენ სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა.

დროის ამ მონაკვეთში ტროლების მეშვეობით განხორციელდა მასირებული მცდელობა დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ ლუდა სალიას მიერ მოწოდებული, ხოლო შემდგომში ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ დეზინფორმაცია და ტყუილი.

ეს ინფორმაცია დაადასტურა პირველ რიგში ბაღის მფლობელმა ქალბატონმა, მოგვიანებით კი მინისტრმა ციხელაშვილმა, ასევე გორის მერმა, რომელმაც გაამართლა რუსების შემოსვლა იმით, რომ ოკუპანტებს თურმე აერიათ გზა. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების გასვლის შესახებ, ხურვალეთის შესასვლელთან მობილიზებულმა საზოგადოებამ მოითხოვა ამ ფაქტის დასადასტურებლად დელეგაციის შესვლა და ბაღების დათვალიერება”, – წერს დავით ქაცარავა.

მისი ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 07:00 საათიდან 09:00 საათამდე შუალედში.

„ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენი შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და მოგვთხოვეს შესვლის დრო გადაგვეწია შუადღის 12 საათისთვის. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან და ველოდებით 12 საათს. ჩვენ წავალთ აქედან მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ოკუპანტებმა დატოვეს ბაღები”,- წერს დავით ქაცარავა.

სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გავრცელდა ზოგი მართებული და ზოგიც არამართებული, მცდარი ინფორმაცია.

„გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

region
: region მარტი 16, 2019 10:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,045
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics