აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის საგამოფენო დარბაზში საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის „გულანის“ მიერ, თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებას – „დაბრუნებამდე“ დაესწრო.
„დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, მხარდამჭერებსა და მონაწილეებს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით მათ, ვინც აფხაზეთიდან არ არის, იმიტომ რომ ის რაც მოხდა 90-იან წლებში, ეს არ არის მარტო აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ტკივილი, ეს აფხაზების და ქართველების საერთო ტრაგედია, ტკივილი და საერთო განადგურებაა, რომელსაც ისტორიული გოლგოთა ჰქვია და მჯერა, რომ ძალიან მალე მოვა დრო, როცა დავიბრუნებთ ერთმანეთს და ეს ყველა ჩვენგანის მონდომებით უნდა მოხერხდეს, არა მარტო ცალკე აღებული რომელიმე ჯგუფის, არამედ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ ენგურს იქით და ენგურს აქეთ.
ენგურს იქით, გალში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველები არიან ჩვენი ძალიან დიდი სიმაგრე, აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობის მთავარი მასაზრდოებელი და ყველა მხრივ სიმბოლო, მაგალითი თანაარსებობის. ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ, იმისთვის რომ ისინი იყვნენ სწორი და მართალი ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის გამტკიცებაში, რადგან სწორედ, გალში იკვეთება კარგად, თუ როგორ ხდება ჩვენი თანაცხოვრება, თუნდაც კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.
დღეს, ისე როგორც არასოდეს აფხაზურ ენას, აფხაზურ ეთნოს, აფხაზებს სჭირდებათ დახმარება და გადარჩენა, როგორც კულტურის, მოსახლეობის, დემოგრაფიის, ადამიანებს შორის ურთიერთობისა და საერთოდ ტერმინი აფხაზეთის, რადგან აფხაზეთი არ არის აფხაზი, აფხაზეთი არ არის ქართველი, აფხაზეთი არ არის სომეხი, ბერძენი ან რუსი, აფხაზეთი არის ერთობა ყველასი.
ჩვენ ყველამ ერთად სიყვარულით, ნდობით ურთიერთპატივისცემით უნდა შევძლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოს აშენება და ამ მშენებლობის გზაზე ყველაზე მთავარი არის ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ნდობა და მიმტევებლობა. ამაყი ვარ და მიხარია, რომ დღეს ის მომენტი დგება, როცა ჩვენ – აფხაზები და ქართველები ვეძებთ გზას, იმისთვის, რომ ძლიერ სივრცეში გავაერთიანოთ ჩვენი სამშობლო.
ჩვენს საქართველოს ყოველთვის გვებრძოდა მტერი, მაგრამ ყოველთვის, ყველა მტერთან ჩვენ გვქონდა ადეკვატური დამოკიდებულება. ადამიანები არ შეიძლება ვიყოთ ერთმანეთის მტრები, მტერი არის ორგანიზატორი, რომელიც დაქოქავს ხალხს და ეგრეთ წოდებულ სამხედრო მანქანად აამუშავებს. მთავარია ადამიანებმა გზა მოვძებნოთ და ერთმანეთს დაუმტკიცოთ, რომ ჩვენი თანაცხოვრება გარდაუვალია ჩვენი შვილების მომავლისთვის.
მე ვოცნებობ იმ წამზე, როცა ჩემი შვილები ბაბუშარაში ფეხს დადგამენ და იტყვიან – ეს მამაჩემის მიწაა, ბაბუაჩემის მიწაა, ჩემი წინაპრების მიწაა, ეს ჩვენი სისხლის ყივილი და ჭეშმარიტებაა. ღმერთის სამართალი აუცილებლად დადგება და მალე ჩვენი პატრიარქი დალოცავს გაერთიანებულ საქართველოს აფხაზეთიდან.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს გამორჩეული შვილის, ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლე ქალბატონი ნელი, საოცარი ადამიანი, სიმბოლო მიტევების და მოფერების, სიყვარულისა და მონანიების.
27 სექტემბრის ჩვენი გმირები – ჟიული შარტავა, ჯუმბერ ბეთაშვილი, რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი, გურამ გაბისკირია, ალექსანდრე ბერულავა და მათი თანამებრძოლები შეეწირნენ სამშობლოს ღირსებას, თავისუფლებას, ქართველებისა და აფხაზების, სომხებისა და აფხაზების ღირსებას და ნამუსს. ამ გმირების ისტორიები, მათი ოჯახის წევრების სიყვარულისა და მიტევების უნარი არის მასაზრდოებელი ჩვენი მომავლის.
მინდა განსაკუთრებულად მოვეფერო და მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნაირასა და ქალბატონ მაყვალას, იმისთვის რომ არ იღლებით, თქვენი წვლილი შეგაქვთ ქართულ-აფხაზური ერთობის საქმეში, ეს ღონისძიებაც ძალიან დიდი წვეთია იმ დიდ თასში, რომელსაც ჩვენი ერთობა ჰქვია.“ – დავით ფაცაცია