დავით ფაცაცია: განსაკუთრებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალქეებთან ერთად გვმართებს ერის ერთიანობა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად

“ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში შემოიჭრა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ოკუპაცია მოახდინა.
ეს ტრაგიკული თარიღი მხოლოდ ისტორიის საკუთრებას კი არ წარმოადგენს, არამედ იმ ხანგრძლივი ოკუპაციის სიმბოლოდ არის ქცეული, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვხედვათ თანამედროვე რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებში .
70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად 1991 წელს 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება მანამ, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა რუსი ოკუპანტების მძევლად რჩება.
საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციისა და არსებული საფრთხეების პირობებში, განსაკუთრებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალქეებთან ერთად გვმართებს ერის ერთიანობა, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. დღეს, ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ მოპოვებულ თავისუფლებას და ყველაფერი გავაკეთოთ ერთობლივად იმ იდეის დასაცავად, რომელსაც ასიათასობით გმირი შეეწირა.
პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული იმ გმირებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას”-აცხადებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – რუსეთი 100 წლის შემდეგაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო