დავით ფაცაცია: 14 აგვისტო არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის და საერთო მარცხის დღე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2020 16:24

დავით ფაცაცია: 14 აგვისტო არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის და საერთო მარცხის დღე

„1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამემხარის მიერ. სამხედრო დაპირისპირება 13 თვე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რასაც ორივე მხრიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, 400 ათასზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა. რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდებაქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, პერმანენტულად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს. ახორციელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას წაახალისებს.
14 აგვისტო არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიის და საერთო მარცხის დღე. ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებით, გავხდეთ დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი. “ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2020 16:24