დავით ნარმანიას დანიშვნა “სემეკში” ნიშნავს მოსახლეობის დაცინვას – ოპოზიცია

დედაქალაქის ყოფილი მერი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება. დავით ნარმანია, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრის პოსტს დაიკავებს, “სემეკში” ის პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.

თავად დავით ნარმანიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

“დავით ნარმანიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის დაცინვას. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუფასა მას თბილისელების ერთ ლარად გადაცემული ქონება და გაეშვა მრავალათასიან პენსიაზე. ეს მოასწავებს დიდ უბედურებას ენერგეტიკაში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

ამ გადაწყვეტილებას ასევე აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“მისი ამ მაღალ ხელფასიან პოზიციაზე დაბინავება არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, “ქართული ოცნების” წარუმატებელი მაღალჩინოსნები მაინც მოთავსდებიან თბილ ადგილებზე,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის გიორგი ვოლსკის თქმით კი, დავით ნარმანია კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას თუ მოხდება მისი დანიშვნა.

“დავით ნარმანია საკმაოდ ინტენსიური შემოტევის ქვეშ იყო ოპონენტების მხრიდან, არ წყალობდა არც პიარი, მაგრამ რეალურად საინტერესო და კარგი პროექტები განახორციელა. კარგი მენეჯერია, კარგი ფინანსისტია,“- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიის დაჯარიმების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა
შემდეგი სტატია,,საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც პერსონალურ მონაცემებს საფრთხე შეუქმნას”